შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მ.ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო.
ექსპოზიცია სახელწოდებით „არ დამივიწყო“ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება და საქართველოში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მიერ არის ორგანიზებული.
ამ დღისადმი მიძღვნილ მისასალმებელ სიტყვაში ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძიების მიმართულებით.
„ვიცი, რომ დღეს აქ არიან იმ ოჯახების წევრები, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს უმძიმესი განსაცდელი - ოჯახის წევრის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება. ისიც ვიცი, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა დღემდე არ იცის, თუ სად არის მისი ოჯახის წევრი. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რათა მთელ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესში თითოეული ადამიანის ჩართულობა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის გვერდში დაუდგეს იმ ოჯახებს, ვისი წევრებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
„ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი განსაცდელი გამოიარა. 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული. ამიტომ, მათი ძიება არის საქმე, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პირთა ძიების პროცესში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიმართულება, სადაც აქტიურად ვთანამშრომლობთ აფხაზებთან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია შერიგების და ნდობის აღდგენისათვის“, - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.
ფოტოგამოფენა „არ დამივიწყო“ 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღეს მსოფლიო 30 აგვისტოს აღნიშნავს.