შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზი“-ს გახსნას დაესწრო.
აღნიშნული ღონისძიება წელს მერვედ იმართება. ფესტივალის სტუმრებს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმი "ნიქოზი" აჩვენეს, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას მიერ არის მომზადებული.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ის ფაქტი, რომ რამდენიმე მეტრში საოკუპაციო ხაზი გადის, ასეთი ფესტივალის ჩატარებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„ძალიან მახარებს, რომ წლიდან წლამდე ეს ფესტივალი დამსახურებულ აღიარებას აღწევს. ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეუფე ისაიას.
ეს არ არის მხოლოდ ფესტივალი. ეს არის სასულიერო და საერო საქმე, რომელიც გმირობის ტოლფასია. ის, რაც ხდება ნიქოზში, არის უნიკალური. იმიტომ რომ 10 წლის წინ აქ ცვიობა ჭურველი, ტყვიები. მაგრამ ხალხმა შეძლო და ეს ყველაფერი ისევ აგურ-აგურ ააწყო... გარდა ამისა, სულ რაღაც რამდენიმე მეტრში გადის მავთულხლართები.
ის, რაც მოხდა 10 წლის წინ, ეს არ არის ისტორია. ეს არის ყოველდღიურობა, განსაკუთრებით აქ. ხოლო ეს ფესტივალი არის სიცოცხლის, იმედის და რწმენის სიმბოლო. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუპირისპირებთ ოკუპაციასა და მავთულხლართებს.
სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში აქ არის სოფლები, სადაც ნათესავები ერთმანეთს ხელს ვერ ართმევენ მავთულხლართების გამო. და მე მჯერა, რომ ეს ძალა - სიყვარულის, განვითარების, იმედის და რწმენის ძალა, აუცილებლად დაამარცხებს ოკუპაციას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიება, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ტარდება, 7 სექტემბერს დასრულდება.