„ახალგორში რუსული სკოლის გახსნა არის იმ პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, რაც წლების განმავლობაში ხორციელდება - ესაა რუსიფიკაციის პოლიტიკის მანიფესტი,“ - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლის გახსნას.
მისი თქმით, ოკუპაციისა ნამდვილი სახეა ის ფაქტი, რომ რეგიონში, სადაც უმეტესად ქართული მოსახლეობა და ასევე, ეთნიკურად ოსური მოსახლეობა ცხოვრობს, იხსნება რუსული სკოლა და იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლა ბავშვებისათვის, რომლებიც რუსულ ენას არ ფლობენ.
„მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისათვის, ან ჩვენთვის, ვინც მუდმივად დარღვევებსა და პრობლემებზე საუბრობს, არამედ ოსური მოსახლეობისთვისაც ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად რუსული პოლიტიკა. და რომ ის არც ერთი ჩვენგანის ინტერესებს არ ემსახურება. მათ შორის არც ოსების იდენტობის დაცვას.
„ამ საკითხებზე ვსაუბრობდით სწორედ გუშინ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ძალიან დიდი დრო დაეთმო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით კი გალსა და ახალგორში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესს. მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმის მანიფესტი, იმიტომ, რომ საქმე ეხება ბავშვებს ბაღებსა და სკოლებში, მათ მშობლებს. გალსა და ახლა უკვე ახალგორში ისიც კი ხდება, რომ ადამიანებს მშობლიურ ენაზე ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლებასაც არ აძლევენ. ეს არ ჯდება არც საერთაშორისო, არც ცივილურ და არც ადამიანურ ნორმებში. ეს არის ღია განაცხადი რუსეთისა, რომ მათი ერთადერთი ინტერესი რუსიფიკაციაა“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ოკუპირებულ ახალგორში რუსულენოვანი სკოლა გუშინ გაიხსნა. ღონისძიებას ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩი და დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.