„მჯერა, მავთულხლართები ჩამოიშლება“ - ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიაში ოკუპაციაზე ისაუბრა

13 სექტემბერი 2018
„მჯერა, რომ მავთულხლართები ჩამოიშლება. ისევე, როგორც ისტორიას ახსოვს ბევრი კედლის ჩამონგრევა. იმიტომ, რომ ეს ბარიერები არ არის მიმართული მხოლოდ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, ეს ბუნების კანონებსაც ეწინააღმდეგება,’’ - ეს გზავნილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უმაღლესი პოლიტიკური პირები და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები  ესწრებიან. 

თავის სიტყვაში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება, ძირითადად რუსულ განგრძობით ოკუპაციასა და კონფლიქტების გადაჭრაში ქალების აქტიურობის როლზე გაამახვილა.

"მე მჯერა, რაც მეტი ქალი იქნება ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით უფრო მეტი მშვიდობა იქნება მსოფლიოში. დიახ, ქალები ხშირად კონფლიქტისა და ომის ყველაზე დაუცველი მსხვერპლი არიან საქართველო არ არის გამონაკლისი, მაგრამ ამავდროულად, ქალები ხშირად ყველაზე თამამი და გამბედავი მშვიდობის აქტორები არიან."

„წელს საქართველოში ორი ტრაგიკული თარიღი აღინიშნება - 25 წელი აფხაზეთის კონფლიქტისა და 10 წელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. თუმცა საქართველოსთვის ეს არ არის მხოლოდ ტრაგიკული ისტორია. ეს არის ყოველდღიური ჰუმანიტარული დრამა ათასობით ოჯახისათვის, რომელიც დაზარალდა ამ კონფლიქტით, ცხოვრობს გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში. კონფლიქტი, რომელსაც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, სულაც არ არის გაყინული. რეგულარული ხასიათი აქვს სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებებს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ ევროპაში“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციაზე მან დიდი ყურადღება დაუთმო გამყოფი ხაზების მიღმა დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებს და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე განუცხადა,  რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას ხელს რუსული საოკუპაციო პოლიტიკა უშლის.

 ,,მავთულხლართები რუსეთის ოკუპაციის რეალური და სიმბოლური სახე გახდა. გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით უკანონო დაკავებები. სხვათაშორის, რუსი სამხედროები ოკუპირებულ რეგიონიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველ სამჯერ უფრო მეტ ადამიანს აკავებენ, ვიდრე პირიქით. 60-ზე მეტი სოფელი გაყოფილია, მათ შორის, შერეული ქართულ - ოსური სოფლები და მოსახლეობას, მეზობლებს, რომლებიც ერთმანეთისგან სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებიან, ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევაც არ შეუძლიათ,“ - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრაც ექნება.