ლაშა დარსალია: „არა მარტო ქართული, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება“

13 სექტემბერი 2018
„ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არა მარტო ქართული, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ამ მხრივ საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს,“ - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ევროკავშირის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოს რეგიონებში- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.  

„ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვან მესიჯებს შეიცავდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და მის სამშვიდობო მიდგომებს და იმას, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მძიმე მდგომარეობა, რაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და რომლის სამწუხარო შედეგიც იყო ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელობები, ბაშარულის საქმე. ესაა საკითხები, რომელთაც საქართველოს მთავრობა  სვამს ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამას გააგრძელებს მანამ, სანამ სამართალი არ აღსრულდება,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ევროკავშირი ასევე მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუსჯელობა ღრმა შეშფოთებას იწვევს.