“ჩვენ ვიყენებთ ყველა ბერკეტს რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს”
13 სექტემბერი 2018
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, არჩილ ტატუნაშვილის წამების გამო პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში გადაცემას ეხმაურება.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო ძებნის გამოცხადება იმ პირებზე, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილსა და ლევან ქუტაშვილს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, შემდეგ კი ტატუნაშვილი წამებით მოკლა, აუცილებელი ნაბიჯია რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა.
,,ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დასჯილები იყვნენ. ისევე როგორც ოთხოზორიას მკვლელის შემთხვევაში, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და ის არის უკვე ბრალდებული ქართული სასამართლოს მიერ. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი და მას აუცილებლად გამოიყენებს საქართველო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი გადაადგილებისას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოხდება მათი დაკავება” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის მხრიდან განგრძობით ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ინფორმაცია, დღეს ავსტრიის დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა.