ქეთევან ციხელაშვილი: „სახელმწიფო ვალდებულია დისკრიმინაციას ეფექტურად უპასუხოს და ამისათვის მისი ყველა ინსტიტუტი მზად გახლავთ“

18 სექტემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ლამბერტო ზანიერმა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობისა და ეთნიკური უმცირესობების შესახებ გრაცის რეკომენდაციების წარსადგენად გამართული მრგვალი მაგიდა გახსნეს.

მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნული კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე აგრეთვე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და  იტალიის ელჩმა საქართველოში, ეუთოს თავმჯდომარე სახელმწიფოს წარმომადგენელმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ისაუბრეს.

ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომელთა წინაშეც საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დგანან. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატს და მთლიანად საქართველოს მთავრობას  ეთნიკური უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან და მის ოფისთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, რაც საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრისას ინტენსიურ მუშაობაში გამოიხატა.

„მათი მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს, ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში, სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით, მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პროგრესული პოლიტიკა აქვს. ვფიქრობ ამ პოლიტიკის ეფექტურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამოწვევების ანალიზს მუდმივად ვაკეთებთ და საპასუხო ნაბიჯებს ვდგამთ. რა თქმა უნდა, დღევანდელი შედეგებით არ ვკმაყოფილდებით. ის, რომ რეგიონში პირველები ვართ, არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არ გვაქვს.   

„დღეს კონკრეტულად ვისაუბრეთ გრაცის რეკომენდაციაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ნაბიჯი უკვე გადავდგით - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა გვაქვს. დარჩენილ გამოწვევებზეც მზად ვართ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ. ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ცხადია, არც ერთ საზოგადოებაში და მათ შორის არ ჩვენთან პრობლემა არასოდეს ამოიწურება და სახელმწიფო ვალდებულია ეფექტურად უპასუხოს დისკრიმინაციას. ამისათვის მისი ყველა ინსტიტუტი მზად გახლავთ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

გრაცის რეკომენდაციების მიზანია დაეხმაროს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს გააუმჯობესონ ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა და გაზარდონ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ.