ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. დეტალურად გააცნო ის ინციდენტები, რასაც ადგილი უკანასკნელ ექვს თვეში, ბოლო შეხვედრიდან დღემდე ჰქონდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. აღინიშნა ის დისკრიმინაციული გარემო, რომელში ცხოვრებაც გალისა და ახალგორის მოსახლეობას უწევს. სახელმწიფო მინისტრმა განახლებული ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნულ რაიონებში საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, უკანონო დაკავებებსა და სხვა ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.
ქეთევან ციხელაშვილმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებსა და ამ კუთხით სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯებზე. ყურადღება გაამახვილა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს.
აქვე მან გაწეული ძალისხმევისთვის ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახავს.