შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო სახელმწიფოს პოლიტიკა მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ისაუბრა არსებულ პროგრესსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა ჯერ ისევ დგას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მიმოხილვას. ხაზი გაესვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო პარტნიორებისა შესვლისა და ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტების წვდომის მნიშვნელობას.
„მადლობა გადავუხადე კომისარს იმისათვის, რომ მას აფხაზეთში ვიზიტი აქვს დაგეგმილი. არსებულ ვითარებას საკუთარი თვალით ნახავს. დეტალურად ვისაუბრეთ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მთლიანად საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. მათ შორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლად და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში.
„ღია ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა, ვინაიდან გვაქვს ამბიცია სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ეფექტური ვიყოთ. ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ამ მრავალფეროვნების პირობებში სამოქალაქო ინტეგრაცია სრულიად მიღწევადი ამოცანაა. ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება იქნება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც კომისრის ოფისი საქართველოს ინტეგრაციის პროცესის განხორციელების გზაზე უცხადებს.