ოკუპაციის 10 წელზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე.
ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს ჰუმანიტარულ გამოწვევებსა და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საკმაო დრო დაეთმო გალსა და ახალგორში არსებული ვითარების მიმოხილვას. სახელმწიფო მინისტრის თქმით, იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობა ფაქტობრივად ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლია და ამიტომ პარტნიორების ყურადღება და აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამ პროცესების შეკავება და სიტუაციის გაუმჯობესება მოხერხდეს.
„ჩვენ შევაჯამეთ სამწუხარო ათი წელი. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. შედეგებით, რომლებიც მივიღეთ, ცალსახად ჩანს, რომ არსებულ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან და ვერც ექნება. ეს არის რუსეთზე დამოკიდებულების 10 წელი და გამოცხადებული რუსიფიკაციის პოლიტიკა. ეს პროცესი ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ინტერესებში, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მის მახლობლად თუ კონფლიქტის შედეგად არიან დაზარალებულები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სხდომაზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობა ახლა ინიციატივის განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურულ და ფინანსური ნაწილზე მუშაობს. ამ პროცესში კი პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მშვიდობა უალტერნატივოა. ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვანეიტრალებთ პროვოკაციებს და ადგილზე ვითარება არ არის მისაღები. ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან. ამიტომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი რესურსის ინვესტიცია მშვიდობაში“, - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.