შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან ერთად საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გახსნა.
სემინარზე, რომელსაც ნინოწმინდისა და ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგები დაესწრნენ, ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონში ნატოს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.
სახელმწიფო მინისტრმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლები უმთავრეს როლს ასრულებენ მომავალი თაობის ფორმირებაში. მათ მიერ დასმული თითოეული კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და რა სარგებელს მოიტანს ეს თითოეული მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია.
„მითუფრო იმ ფონზე, რომ რუსული პროპაგანდა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მუდმივად მიდის და სახელმწიფო ენის არასათანადო ფლობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია იმისა, რომ მათ ინფორმაციაზე სრული წვდომა ჰქონდეთ. ბუნებრივია, ასეთი შეხვედრები ჩვენთვის არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მითები და სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და მათ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მიიღებენ ინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე.
პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. მის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 650-მდე პედაგოგი გადამზადდა.