ქეთევან ციხელაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის გერმანელი სტიპენდიანტებს შეხვდა

26 სექტემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის   გერმანელი სტიპენდიანტების კითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზე, რომელსაც 25 სტუდენტი ესწრებოდა, სახელმწიფო მინისტრმა ოკუპაციასა და მის მიერ გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა. სტუდენტებს გააცნო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული მდგომარეობა და გამოწვევები, რომელთა წინაშეც იქ მცხოვრები მოსახლეობა დგას.  აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ჰუმანიტარული სახის პრობლემები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობაა.

ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა ის დისკრიმინაციული გარემოც, რომელში ცხოვრებაც გალისა და ახალგორის მოსახლეობას უწევს - ისაუბრა საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, გამყოფ ხაზებზე მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე,  უკანონო დაკავებებზე და ა.შ.

სტუდენტები დაინტერესდნენ  საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და ამ კუთხით სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯებით. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს.

სტუდენტები დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარედაც იმყოფებოდნენ და არსებული პრობლემების შესახებ ადგილზე მიიღეს ინფორმაცია.