ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი“

27 სექტემბერი 2018
„დღეს კიდევ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, პირველ რიგში მომავალი და ჩვენი საერთო ინტერესი - აღარასდროს განმეორდეს მსგავსი რამ“,- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების 25 წელთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა, სადაც მათ ხსოვნას, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პატივი მიაგო.

"25 წელი გავიდა იმ საუბედურო კონფლიქტიდან, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო და რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებული ჩვენის აზოგადოებების, არც ქართველების და არც აფხაზების სახით. დღეს, რუსული მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე ეს სრულიად აშკარაა იმ მდგომარეობის გამო, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული რუსიფიკაციის ქრონიკა.

"ეს 25 ტკივილიანი წელია. ტკივილი არსად გამქრალა და ეს საერთო ტკივილია, რადგან ერთნაირად ტკივა ყველას, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს; ტკივა იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლობელი დაკარგეს, იმ ადამიანებს დევნილობაში, რომლებიც საკუთარ სახლებში ჯერაც ვერ ბრუნდებიან, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან საკუთარ სახლებში, მაგრამ დღეს რუსული ოკუპაციის პირობებში მომავლის, განვითარების პერსპექტივა და იმედი წართმეული აქვთ.

"მართალია დღეს ბევრი რამ გვაშორიშორებს, როგორიცაა მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები, ისევე როგორც კონფლიქტის მწარე გამოცდილება და გარკვეული გაუცხოვებაც 25 წლიანი დაშორიშორების გამო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს. აქ მხოლოდ ჩვენს წარსულს, ტრადიციულ-კულტურულ სიახლოვესა და შერეულ ოჯახებს არ ვგულისხმობ. პირველ რიგში ეს არის ჩვენი მომავალი და საერთო ინტერესი - აღარასდროს განმეორდეს მსგავსი რამ, აღარასდროს აღმოვჩნდეთ ჩათრეული პროვოკაციებში და გვქონდეს უკეთესი, განვითარებული და მშვიდობიანი მომავალი. მშვიდობიან მომავალზე ზრუნვა კი, თავის თავში აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების აღმოფხვრას, რაც მხოლოდ ჩვენს ხალხთა შორის დიალოგისა და შერიგების გზით მიიღწევა. ეს არის ჩვენი ხედვაც, საქმეც და ერთადერთი გზა მომავლისკენ - ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი", - 
განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.