შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით ''ეს საერთო ტკივილია'' გაიმართა.
გამოფენაზე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების შახ აივაზოვის, იური მეჩითოვისა და გიორგი ცაგარელის 42 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ფოტოები შეიარაღებული კონფლიქტის დროსაა გადაღებული და მათ უმრავლესობა საზოგადოებამ პირველად იხილა.
„ამ ფოტოებში კარგად ჩანს ადამიანური ტრაგედია და ტკივილი, რომელიც დღემდე არ განელებულა. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულების ხსოვნას და ვუსამძიმრებთ თითოეულ ოჯახს, რომელმაც ახლობელი დაკარგა. ეს ტკივილი ცოცხალია დევნილობაში მყოფი ადამიანების გულებში. აქაც, ამ გამოფენაზე ბევრია ისეთი, ვინც საკუთარ სახლში დღესაც ვერ ბრუნდება. ძალიან კარგად ვიცით ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც დრეს მავთულხლართებს მიღმა არიან, კარგ მდგომარეობაში არ იმყოფებიან.
„ამ კონფლიქტმა, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, არც ქართველების და არც აფხაზების ინტერესების სასიკეთოდ არ იმუშავა. ამ კონფლიქტს გამარჯვებული არ ჰყავს. დღეს არსებული სიტუაციით ყველა ვზარალდებით, რადგან კარგად გვესმის, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში საფრთხე ყველას იდენტობას ემუქრება. ეს არ არიან მხოლოდ გალელი ქართველები, რომლებიც ამ რუსიფიკაციის პროცესში განსაკუთრებულად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთივე რეალური საფრთხის განცდა უკვე ძალიან ბევრ აფხაზს აქვს. მეოთხედი საუკუნის შემდეგომ ისინი დღეს არსებული სიტუაციით სრულიად სამართლიანად არიან შეშფოთებულები.
„დღევანდელი თარიღი შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ეს საერთო ტკივილია, რომელიც ქართველებსაც და აფხაზებსაც ერთნაირად გვტკივა. საუბედურო ფაქტია, რომ წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია დღეს გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისკენ. იმ მომავლისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანის ინტერესშია. პირველ რიგში ეს არის მშვიდობიანი მომავალი, რაც დაპირისპირების აღმოფხვრას, ხიდების მშენებლობასა და შერიგებას გულისხმობს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ღონისძიება შოთა რუსთაველის დარბაზში ოფიციალური მიღებითა და გამოფენით ‘’ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს’’ გაგრძელდა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მასპინძლობით, ბრიტანელი პარლამენტარის, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ჩრდილოვანი მინისტრის ფაბიან ჰამილტონის საქართველოში ვიზიტის საპატივცემულოდ გაიმართა.