„განსაკუთრებით, შემაშფოთებელი, საგანგაშო და სამარცხვინო“, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ბობნევიდან 36 წლის მაია ოთინაშვილის გატაცებასა და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და აცხადებს, რომ მუშაობა ქალბატონის გასათავისუფლებლად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
„ეს ფაქტი არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანური დამოკიდებულების გამოხატულებაა, ვინაიდან საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. აპარატის თანამშრომლები გუშინ ადგილზე იმყოფებოდნენ, შეხვდნენ ოჯახს და თავად მოინახულეს ის ადგილიც, სადაც უკანონო დაკავება მოხდა - საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში. ეს ადამიანი იქ მუდმივად ცხოვრობს და საქმიანობს. ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია და აბსოლუტურად მიუღებელი მოქმედებაა. ვერანაირ ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამას არანაირი ლეგიტიმაცია და გამართლება არ აქვს.
„ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ წუთისათვის ქალბატონის გასათავისუფლებლად აბსოლუტურად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებული გახლავთ. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ცხელი ხაზით კომუნიკაცია გრძელდება, ასევე გრძელდება კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. ვიყენებთ სხვა არხებსაც, რომლითაც შესაძლებელია შედეგის მიღწევა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალბატონის მდგომარეობა. გუშინდლიდან ინფორმირებულია და ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. იგი ერთადერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში წვდომა აქვს. ცხადია, მათი მხრიდან ყველა ის ღონისძიება ტარდება, რაც დაკავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ოჯახისათვის ინფორმაციის მიწოდებასთანაა დაკავშირებული. ეს კომუნიკაცია დღის განმავლობაშიც გაგრძელდება“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.