„შემაშფოთებელი და მიუღებელია, რომ ამ ეტაპისათვის მას არ ეძლევა ტელეფონზე კომუნიკაციის, ნათესავებს, ან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კი მისი მონახულების საშუალება“, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ინფორმაციას სოფელ ბობნევიდან გატაცებული მაია ოთინაშვილისათვის ათდღიანი ე.წ. პატიმრობის შეფარდების თაობაზე და აცხადებს, რომ ეჭვები, რომლებიც ოჯახს გააჩნია, ლეგიტიმურია.
„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ცხელ ხაზს ოპერირებს. ცხელი ხაზის მეშვეობით, ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე განსხვავებული ინფორმაცია იქნა მიღებული. ბოლო ინფორმაციით, რაც უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო, ამ ქალბატონს 10 დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რა თქმა უნდა, ეს მისაღები მოცემულობა არ არის. ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მისი გათავისუფლება მოხდეს. მას სახლში არასრულწლოვანი შვილები ელოდებიან.
„ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ცხელი ხაზისა და ყველა არხის მეშვეობით მისი მდგომარეობის მოკითხვაა. შემაშფოთებელი და მიუღებელია, რომ ამ ეტაპისათვის მას არ ეძლევა ტელეფონზე კომუნიკაციის, ნათესავებს, ან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კი მისი მონახულების საშუალება. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია.
„ის, რომ ეს ქალბატონი ძალისმიერი მეთოდებითაა დაკავებული, ძალიან ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა და ოჯახსაც ძალიან ლეგიტიმურად აქვს კითხვები. რა თქმა უნდა, ეს კითხვები ყველას გვაქვს. ამიტომაც არის ამხელა ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ პირველ რიგში მისი მონახულება იქნეს შესაძლებელი და რა თქმა უნდა, გათავისუფლდეს“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.