სოფელ ბობნევიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი თავისუფალია. 11 დღიანი პატიმრობის შემდეგ ქალბატონი ოჯახს დაუბრუნდა.
სამი მცირეწლოვანი შვილის დედა 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში, საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. ამ დროიდან, მის გასათავისუფლებლად, ყველა მექანიზმი იქნა გამოყენებული. აქტიურ რეჟიმში ამოქმედდა ცხელი ხაზი. პროცესში ჩაერთო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და წითელი ჯვარი. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალბატონო საპატიმროში მოინახულეს და ოჯახს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.
მაია ოთინაშვილთან ერთად თავისუფალია სოფელ კირბალის მკვიდრი, 50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილიც, რომელიც 7 ოქტომბერს გაიტაცეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსგავს ფაქტებს აღარასოდეს ჰქონდეს ადგილი. განსაკურებით ისეთ არაჰუმანურ და მიუღებელ შემთხვევებს, როგორიც საკუთარი ნაკვეთიდან ახალგაზრდა ქალის, სამი შვილის დედის გატაცებაა.