ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი გაიმართა

11 ოქტომბერი 2018
9-10  ოქტომბერს  ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 45-ე რაუნდი გაიმართა. განხილვის მთავარი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა, ძალის არგამოყენების საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარება და დევნილთა დაბრუნება იყო.

დისკუსიებზე მუშაობა ტრადიციულად ორ - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში წარიმართა. ჰუმანიტარულ ჯგუფში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. 

თანათავმჯდომარეებისა და მონაწილეების მხრიდან დისკუსიების დაწყებიდან 10 წლის თავზე ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა შეფასდა. აღინიშნა მისი და აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) როლი და მნიშვნელობა კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში.

ქართული დელეგაციის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე  და ითქვა, რომ იქ არსებული მდგომარეობა თანამედროვე ეპოქისათვის  შეუფერებელია.

ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მცხოვრები  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარვევის ფაქტებს. აღინიშნა: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, მოსახლეობისთვის საკუთრ მიწებზე წვდომის უზრუნველყოფა და მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები.

„ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარებაა გალის და ახალგორის რაიონებში. ჩვენ ამ საკითხებს დისკუსიების დროს ყოველთვის ვაყენებთ. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ რუსეთის დელეგაციის მხრიდან დესტრუქციული მიდგომა გრძელდება, მათ შორის ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების მხრიდანაც. ისინი პრაქტიკულად ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ამ თემებს და პასუხიმგებლობა აიცილონ. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არამარტო ჩვენი დელეგაციის, ასევე საერთაშორისო მონაწილეების პოზიცია იყო ცალსახა და საკმაოდ მკაცრი“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება დაისვა. თუმცა, საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, შეხვედრა, წინა რაუნდების მსგავსად, კვლავ დატოვეს.                             

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება.