კიდევ ერთი სამშვიდობო გზავნილი საქართველოს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ დაუტოვა, რომელთანაც დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. საუბარი საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკასაც შეეხო. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროსაბჭოსთან გამორჩეული თანამშრომლობა გვაქვს როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებებით.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნე იმ პროექტების მნიშვნელობა, რაც ბარიკადებით დაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას უწყობს ხელს და რასაც ევროსაბჭო წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს. ვისაუბრეთ ახალ სამშვიდობო გეგმაზე, რომლის განხორციელებაზეც საქართველოს მთავრობა სწორედ ახლა მუშაობს.
„ასევე ვისაუბრეთ გენერალური მდივნის ანგარიშზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ერთ-ერთი ყველაზე ვალიდური წყაროა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რათა შესაბამისად ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელიც აუცილებელია არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ევროსაბჭოში კარგად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის კონსტრუქციული, პრაგმატული, სამშვიდობო, ადამიანის კეთილდღეობაზე გათვლილი ნაბიჯები და ინიციატივები, რომელთაც დღეს საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„მას აქვს არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა, არამედ ფართო, რეგიონალური განზომილება, ვინაიდან, სამწუხაროდ, გადაუჭრელი კონფლიქტი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს პრობლემები ჩვენს მეზობლებსაც აწუხებთ და რა თქმა უნდა, აქ საერთო ფაქტორია - რუსეთი, რომელსაც სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტების სტრატეგია აქვს. ამასთან დაპირისპირება კი მხოლოდ მშვიდობიანად, ერთიანად და იმ ძალიან კონკრეტული ნაბიჯებითაა შესაძლებელი, რასაც ევროსაბჭო უწყობს ხელს,“ - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.