შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და დამხმარე ორენოვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ ღია გაკვეთილს დაესწრო.
პედაგოგებთან შეხვედრისას მან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ქართული ენის დასაუფლებლად განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების პარალელურად სახელმწიფო მათი მშობლიური ენის შენარჩუნებაზეც ზრუნავს.
სახელმწიფო მინისტრმა ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ ქართული ენის შესწავლის საქმეში მათ დიდი წვლილი შეაქვთ. ისაუბრა „ქართულ ენაში მომზადების საგანამნათლებლო პროგრამის“ (ე.წ. 1+4 პროგრამის) მნიშვნელობაზეც, რომლის გავლის შემდგომაც სტუდენტებს საჯარო სექტორში სტაჟირების გავლა გამარტივებულად შეუძლიათ.
მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი მერვე კლასში ქართულის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც სწორედ დამხმარე ორენოვანმა მასწავლებელმა ჩაატარა. მოსწავლეებთან ერთად ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე იმსჯელა და განაცხადა, რომ ეს მათ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის საშუალებას მისცემს. მისი თქმით, დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი ისაა, რომ სახელმწიფო ზრუნავს თავის მოსახლეობაზე.
„დღეს ბავშვები თავიანთ ოცნებებზე საუბრობდნენ და იმისათვის, რომ ეს ოცნებები ახდეს და ისინი საკუთარ სამშობლოში წარმატებულები იყვნენ, ხარისხიანი განათლება უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა იცოდნენ მშობლიური ენა და ასევე სახელმწიფო ენა, რათა მათთვის არც ერთი დახურული კარი არ არსებობდეს.
„პედაგოგებთან იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ამ სკოლისა და სამცხე-ჯავახეთის სხვა სკოლების კურსდამთავრებულები უკვე ძალიან წარმატებით სარგებლობენ „1+4 პროგრამით“, სახელმწიფო ენას ეუფლებიან და შემდეგ უკვე გამარტივებული წესით სასურველი უნივერსიტეტის სასურველ პროფესიაზე აბარებენ. ამ სტუდენტებისათვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მასშტაბურ პროგრამას ვახორციელებთ. 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ, ძირითადად ჩვენმა ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა, სტაჟირება უკვე გაიარეს. ეს ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერები არიან და არაჩვეულებრივი რესურსია იმისათვის, რომ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა სფეროში, საქმიანობა წარმატებით გააგრძელონ. ჩვენი ამოცანაა ამ რეგიონიდან კიდევ უფრო მეტი წარმატებული ახალგაზრდა გვყავდეს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროგრამას „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის გაძლიერების გზით.