შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სსიპ-ის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან ერთად პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ გახსნა.
პროექტი 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ახალგაზრდული ცენტრების წევრებისგან შეიქმნება მობილური ჯგუფი, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის, დასავლური ღირებულებების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გადამზადდებიან. მეორე ეტაპზე კი მობილური ჯგუფის წევრები რეგიონებში აღნიშნულ საკითხებზე მშობლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრებს დაიწყებენ.
სახელმწიფო მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, და განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადდნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდები, რომელთაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებთან ისაუბრეს იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რა სარგებლის მომტანია ეს თითოეული მათგანისათვის.
„ყოველთვის ვამბობთ და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი საზოგადოება მყარად უჭერს მხარს ამ კურსს და ეს სიმართლეა. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიერ, რომელი ეთნიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყოს იგი, ეს გაცნობიერებული არჩევანი იყოს. რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გვაქვს პირდაპირი წვდომა. საუბედუროდ, იქ ძალიან ძლიერია რუსული პროპაგანდა და ის სტერეოტიპებიც, რომელთა გენერირებაც ხდება სწორედ ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალგაზრდები შეძლებენ თანატოლებს მიაწვდინონ ხმა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს თავისუფლება, ღირსება, ერთმანეთის პატივისცემა და რას ნიშნავს ერთიანობა მრავალფეროვნებით, სწორედ ისე, როგორც საქართველო საუკუნეების განმავლობაში არსებობდა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროექტი უკვე მეორედ ხორციელდება. პირველი ნაკადის ფარგლებში, გადამზადდნენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებმაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 60 სოფელში 79 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
პროექტი ორგანიზებულია სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მიერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.