შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან, ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაზე ისაუბრეს.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება. დეტალურად გააცნო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
შეხვედრაზე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრეს. იმსჯელეს შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯებზე.
ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.