დღეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ისაუბრა.
„ეს ის საკითხია, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებსა და ფორუმებზე. საუბარია ყველა ბავშვზე, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. საუბარია იმ გარემოზე, რომელშიც ამ ბავშვებს უწევთ ყოფნა. კერძოდ, სკოლამდელ დაწესებულებებში, ბაღებში არ არის იშვიათი, რომ ბავშვები ერთვებიან სხვადასხვა სამხედრო სიმულაციურ თამაშებში, ხდება ომისა და მტრის ხატის პროპაგანდა, რომელიც აბსოლუტურად დაუშვებელია. საუბარია ბავშვების მომავალზე, მათ ფსიქიკაზე და არავის აქვს უფლება, ასეთი ზეგავლენა მოახდინოს მომავალ თაობაზე.
„ჯერ არ შემხვედრია აფხაზური საზოგადოებიდან ადამიანი, რომელსაც არსებული მდგომარეობა სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობას უჩენს. იქაური საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენლისათვის ეს არ არის მისაღები. საჭიროა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს უნდა მშვიდობა და უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისათვის. ეს იწყება ბაღებში, სკოლებსა და ოჯახებში და ჩვენ ამისათვის აუცილებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ თუ საჭიროა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით, საერთაშორისო ინსტრუმენტებით, ბევრი შეხვედრითა და საუბრით. ეს ისეთი თემაა, როცა ყველა დეპოლიტიზირებული ინსტრუმენტის გამოყენება მიზანშეწონილია, რადგან ბავშვებზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ამით არა მხოლოდ ქართული საზოგადოებაა დაინტერესებული, არამედ იქაური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც.
„დღეს პრობლემატიკის გარდა განვიხილეთ ფორმები და მექანიზმები, რომლებითაც ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით მდგომარეობის გაუმჯობესებას და ძალიან კონკრეტული შესაძლებლობების შექმნას, რათა ბავშვებს ჰქონდეთ მშვიდობიან, უსაფრთხო გარემოში ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა ახალი ინიციატივისა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მე პარლამენტში წარვადგინე და პარლამენტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, მომავალი წარმოუდგენელია ბავშვების კეთილდღეობის გარეშე. ბავშვებია ჩვენი მომავალი, ამიტომ მთავარი საზრუნავი მათი ფუნდამენტური უფლებებია“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა.