შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ მოხალისეებს სერთიფიკატები გადასცა, რომლებიც დასავლეთ საქართველოს იმ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, სადაც მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ, ადრეული ქორწინების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.
მოხალისეებმა გადამზადება უკვე გაიარეს. ღონისძიებაზე მათ აგრეთვე
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე, ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]“ დირექტორი ლაშა ჯუღელი, და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე შეხვდნენ.
„ერთ-ერთი ფოკუსი, რის შესახებაც მოხალისეები აქცენტს გააკეთებენ, სახელმწიფო სერვისების შეთავაზებაა, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვისაც ამ გამოწვევებთან შეხება მოუწევს, ინფორმაცია ჰქონდეს იმის შესახებ თუ, ვის უნდა მიმართოს და რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
პროექტი უკვე მეორედ ხორციელდება. პირველი ნაკადის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები გადამზადდნენ, რომლებმაც ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების თემაზე 66 სოფელში 200-მდე შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაც 6300 ბენეფიციარი დაესწრო. შეხვედრები ჩატარდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში.
ახალგაზრდებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან - მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, თემის ლიდერებთან. ისინი ახლაც განაგრძობენ მუნიციპალიტეტიდან დაშორებულ, მჭიდროდ დასახლებულ, სოფლებში შეხვედრების ჩატარებას.
პროექტი „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.