ქეთევან ციხელაშვილი აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა

2 ნოემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა, რომელთა შორის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, მათ შორის ბიზნესმენებიც.

შეხვედრაზე, რომელიც აჭარის განათლების ფონდში გაიმართა, სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გააცნო. დეტალურად მიმოიხილა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“

აუდიტორია განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულების პროექტებით დაინტერესდა. ქეთევან ციხელაშვილმა მათ დაწვრილებით გააცნო ყველა ის შეღავათი და შესაძლებლობა, რომლით სარგებლობაც ოკუპირებულ თუ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ.

„ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საქართველოს პარლამენტისაგან, საექსპერტო წრეებისაგან თუ საერთაშორისო საზოგადოებიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს.  ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული გამყოფი ხაზების მიღმა. ინიციატივა ეხება ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი პირებისათვის განათლების ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას  და  სხვადასხვა სერვისსა თუ სარგებელზე წვდომის გამარტივებას.

„ვიცით, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სულ უფრო მძიმე ხდება,  კიდევ უფრო დინამიური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.  საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მისაღებია და რომელიც პოლიტიკური სტატუსის თემებსაც უვლის გვერდს. შესაბამისად, ქმნის ძალიან რეალურ და ხელშესახებ შესაძლებლობებს, რათა მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს; მიუხედავად  ხელოვნური დაბრკოლებებისა,  ადამიანებს შორის კონტაქტი წავახალისოთ და ნდობა აღვადგინოთ, რის გარეშეც შეუძლებელია მშვიდობა, სტაბილურობა და ის უკეთესი მომავალი, რაც ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს ჩვენი შვილებისათვის გვინდა,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილიც ესწრებოდა.