“არ შევეგუებით, არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სამარცხვინო მავთულხლართების ბოლო მეტრი არ დაიშლება,“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ატოცში გააკეთა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების მონტაჟი მიმდინარეობს.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ის, რაც ამ სოფელში ხდება, სამარცხვინო და აბსოლუტურად მიუღებელია. მან ატოცის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოველდღიური საქმიანობა სწორედ მავთულხლართების პოლიტიკით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.
„დღეს ესენი საზღვრავენ სამხედრო გეტოს, რომელშიც 20-22 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ფაქტობრივად დაცარიელებული ცხინვალის რეგიონის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ დარჩა, გაუსაძლის პირობებს ქმნიან. მოგეხსენებათ, 90 % მათ შორის, ვისაც ამ გამყოფი ხაზის გადაკვეთისას რუსი სამხედროები აკავებენ, სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები არიან, რომელთაც გადაადგილება სჭირდებათ. ესაა ყველასთვის მიუღებელი და გაუსაძლისი მდგომარეობა. სხვათაშორის, ზუსტად ამ დღეებში ოქტომბრის რევოლუციების ე.წ. იუბილეებს აღნიშნავენ და პატარა ბავშვებს, 21-ე საუკუნეში, პიონერების ყელსახვევებით, საბჭოთა ბელადების პოსტერების ფონზე, საბჭოთა სიმღერებს ამაყად ამღერებენ. ეს ისტორიული ანომალიაა, აბსოლუტური უსამართლობა, რომელიც აუცილებლად დასრულდება.
„ახლა წინასაარჩევნო გარემოა და როგორც ჩანს გათვლილია, რომ ხელისუფლებასა და მოსახლეობაზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იხმარონ. ზუსტად ამიტომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ძლიერნი და არ მივცეთ ამ პროვოკაციებს მიზნის მიღწევის საშუალება. აუცილებლად სტაბილურად უნდა განვვითარდეთ. კიდევ უფრო მეტნი და ძლიერები ვიქნებით, ამ სოფლებს მოსახლეობა არ დატოვებს. მინდა ისინი გავამხნევო და მთელი ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლების მხარდაჭერა გამოვხატო.
„რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია რაც ჩვენს ხელთაა. თუმცა, ჩვენი ბრძოლა მიმართულია არა მხოლოდ იმისკენ, რომ დღეს ეს გააჩერონ, არამედ იმისკენ, რომ ის ასამდე კილომეტრის მავთულხლართები და ზოგადად საოკუპაციო რეჟიმი დასრულდეს. ამას დრო დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩართულობის პოლიტიკით დავეხმარებით ამ მოსახლეობასაც და მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასაც, რადგან მათ დახმარება არანაკლებ სჭირდებათ. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მთელი ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.