შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, გორის უნივერსიტეტში გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს ის შეღავათები გააცნო, რომლით სარგებლობაც მათ 2018-2019 სასწავლო წლებში შეუძლიათ.
კერძოდ, ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სახელმწიფო უმაღლეს განათლებას კვლავაც დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების შედეგად, ბოლო ოთხ წელიწადში სტუდენტთა რაოდენობა 433-დან 1200-მდე გაიზარდა.
ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზების პირას მდებარე სოფლების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში სოფლებში, რომლებიც თითქმის მიტოვებული იყო, ბევრი რამ მოგვარდა: მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, სოფლების უმეტესობაში გადაიჭრა წყლით მომარაგების პრობლემა, ნაწილში წლის ბოლომდე გადაიჭრება, გაზიფიცირდა ყველა სოფელი ( 14 ათასამდე აბონენტი), თითოეული ოჯახი, უკვე რამდენიმე წელია გამოსაზამთრებლად გაზის საფასურის 200 ლარიან ვაუჩერს იღებს და ა.შ.
„ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა გორის უნივერსიტეტში ვიმყოფები. ამ უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა, მითუფრო მათთან, რომლებიც გამყოფი ხაზის პირა სოფლებიდან არიან. ეს ახალგაზრდები იმ ოჯახებს წარმოადგენენ, რომელთაც მავთულხლართების პირისპირ უწევთ ცხოვრება და მიუხედავად გამოწვევებისა, ისინი ახერხებენ მიიღონ კარგი განათლება და იყვნენ წარმატებულები. ჩვენი გზა ამ მავთულხლართებთან გამკლავებისა და დაპირისპირების ისაა, რომ ვიყოთ უფრო განვითარებულები, უფრო განათლებულები, უფრო მიმზიდველები და ეს ახალგაზრდები არიან სახე და სიმბოლო იმ მომავალი წარმატებისა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება.
„მე დღეს სამშვიდობო პოლიტიკაზე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ ამ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობაზე ზრუნვაა. ორიოდე დღის წინ ატოცში გახლდით. მოგეხსენებათ, მიმდინარე ოკუპაცია პერიოდულად არ ერიდება მსგავს პროვოკაციებს. ჩვენი პასუხი ახლაც და მომავალშიც ის იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ მავთულხლართების პირას მცხოვრებ ხალხს. გუშინ მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა სტუდენტი გამყოფი ხაზების პირა სოფებიდან სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს. ამას სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია ანხორციელებს“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
თუმცა, მისი თქმით, პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რომელთა დასაძლევადაც მთავრობა მუშაობას აგრძელებს.
„კომისიაზე, რომელიც ამ ტერიტორიების საჭიროებებზე მუშაობს, ასევე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ზამთარში გაზის საფასურის 200 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს მიეცეს. ატოცში ჩასვლისას იმაზეც ვისაუბრე, რომ უმოკლეს ვადებში მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა იმ სოფლებშიც, სადაც დარჩენილია. ძალიან ბევრი რამაა გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებით. ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ვგულისხმობ გზებს, ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურას. მალე საჭიროებებზე რეაგირებიდან ამ ტერიტორიების განვითარებაზე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე გადავდივართ. სწორედ ახლა სამუშაო პროცესში ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების შეხედულებები, მათი ხედვა და საჭიროებები, რათა კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ არა ოკუპაციას და ამ განვითარებით ასევე მივწდეთ მოსახლეობას, რომელიც ფაქტობრივდ მავთულხლართების ტყვეობაშია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.