„ვისურვებდი, ამ ადგილას ძალიან მალე შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში“

13 ნოემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და უკრაინელ კოლეგასთან ერთად უსაფრთხოების ზონაში, არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტთან იმყოფებოდა.  

სახელმწიფო მინისტრი ადგილზე სიტუაციას გაეცნო. მან  საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრობლემებს შორის პარალელი გაავლო და  განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სამეზობლოში რუსეთის პოლიტიკის მიზნებს ცხადად წარმოაჩენს.

„ჩვენს უკან დნესტრისპირეთია. ე.წ. მარცხენა ნაპირი, რომელზეც დღეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფო მოლდოვა კონტროლს ვერ ახორციელებს, რადგან ის რუსეთის კონტროლის ქვეშაა. დღეს მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად განვიხილეთ საერთო პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ და რაც რუსეთის დესტრუქციულ დაშორიშორებისა და დაყოფილ პოლიტიკაში გამოიხატება.  ვისაუბრეთ მშვიდობიან გზებზე, რითაც  ეს ხელოვნური გამყოფი ხაზები აუცილებლად უნდა დაიშალოს.

„ესაა ის საერთო პოლიტიკა რაც რუსეთს სამეზობლოში აქვს - ხალხის, სოფლების დაყოფა. აქაც არიან მეზობლები, ნათესავები, რომელთაც ცხოვრება იმის გამო ურთულდებათ, რომ მოძრაობა შეზღუდულია. ვისურვებდი, რომ ამ ადგილას ძალიან მალე შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში, სადაც დღეს ხელოვნური დაშორიშორების ხაზები ათასობით ოჯახს პრობლემას უქმნის. დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკას გრძელვადიანი პერსპექტივა არ გააჩნია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.