ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების კონცერტი გაიმართა
18 ნოემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით, მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ კულტურათა დიალოგი" უკვე მეათე წელია იმართება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვნელმა თინა ღოღელიანმა მიმართა. მან ახალგაზრდებს არაჩვეულებრივი ნომრების შესრულებისათვის მადლობა გადაუხადა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
კონცერტს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროექტის ავტორი, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე უძღვებოდა. თითოეულ მონაწილეს საჩუქრად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები გადაეცა. ღონისძიებას აგრეთვე დაესწრო საქართველოს გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელი. ფესტივალი საქართველოს გაეროს ასოციაცის მხარდაჭერით ხორციელდება.