შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საკულტო ნაგებობების რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.
რუკა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შეიქმნა და მასზე მოქმედი საკულტო ნაგებობების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლებია დატანილი როგორც რეგიონების, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე. აგრეთვე, წარმოდგენილია საქართველოში არსებული უმრავლესი კონფესიების მონაცემები.
სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განხორციელებული იდეის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუკა თვალსაჩინოდ აჩვენებს თუ რაოდენ მრავალფეროვანია საქართველო, რამდენი კონფესია თანაცხოვრობს მშვიდობიანად და რამდენად უნიკალურია ეს.
„ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოს ვქმნით, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ საუბედუროდ, ეს დღევანდელ მსოფლიოში გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. ამიტომ ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა მომავალშიც ის იქნება, რომ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის მოქალაქეებს შევუქმნათ თანასწორი გარემო, სადაც თავისუფლად განავითარებენ თავიანთ კულტურას, ექნებათ აღმსარებლობის თავისუფლება, საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრისა და კულტურის წარმოჩენის შესაძლებლობა.
"რუკა ძალიან ჭრელი და სასიამოვნოდ ფერადია, რომელზეც ნახავთ თუ რამდენი სალოცავია საქართველოს ყველა კუთხეში. ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს და რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.