შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
შეხვედრაზე ელჩმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლებზე, გამოწვევებსა და სირთულეებზე.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაც გააცნო. დეტალურად მიმოიხილა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის განათლების შესაძლებლობასა და სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. მხარეები ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.