შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას შეხვდა, რომელშიც სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან.
დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს ხვდებიან.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს აპარატის საქმიანობა და მისი კომპეტენცია გააცნო. მიმოიხილა კონფლიქტებთან დაკავშირებული სიტუაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.
იმსჯელეს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაზე. მის ფარგლებში დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ინიციატივების პაკეტის განხორციელების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.
დელეგაციის წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ საქართველოს სამშვიდობო ხედვასა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზების თაობაზე, რაზეც სახელმწიფო მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრაზე საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესიც განიხილეს.
ვიზიტის დასასრულს მხარეებმა მომავალ საქმიანობაში ერთმანეთს წარმატება უსურვეს.