ტრენინგი ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ დაიწყო

30 ნოემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით,   საქართველოს გაეროს ასოციაციისა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ (CCIIR)  მხარდაჭერით ტრენერთა ტრენინგი  ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ დაიწყო.

ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდებისაგან შემდგარი 30 კაციანი ჯგუფი ორდღიან გადამზადებას გაივლის „1+4 სტაჟირების“ პროგრამების, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.

მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე კი ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს 1+4 პროგრამებისა და პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიმართა და განაცხადა, რომ საქმე, რომელსაც ახალგაზრდები ემსახურებიან, უმნიშვნელოვანესია.

„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ  და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ ახალგაზრდას  ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებს უქმნის მას სახელმწიფო. კერძოდ, რა პროგრამებს და საშეღავათო პოლიტიკას სთავაზობს, როგორია უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების პერსპექტივები და რა მხარდაჭერაა დასაქმებასთან დაკავშირებით, რათა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ და განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი დაგეგმონ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ტრენინგებს სწორედ ის ახალგაზრდები ატარებენ, რომლებიც თავადაც ამ რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების   წარმომადგენლები არიან.  მათი პირადი მაგალითი შესაძლოა მომავალი თაობებისათვის მისაბაძი მოდელი გახდეს. ისინი დაინახავენ, რომ შესაძლებლობები მართლაც არსებობს და ის, ვინც ამ შესაძლებლობებს იყენებს, წარმატებული ხდება“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

ახალგაზრდებს ასევე მიმართეს "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახა გაბუნიამ.