შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. იგი თბილისის დიდ სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.
„მინდა თითოეულ ებრაელ თანამოქალაქესა და ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მივულოცო. ეს ბრწყინვალე დღესასწაული მნიშვნელოვანი სიმბოლოა სიკეთის, სამართლიანობისა და ბოროტებაზე გამარჯვების. მინდა მათ, თითოეულ ოჯახს და მთელ ჩვენ სამშობლოს ვუსურვო ბოროტებასა და ყოველგვარ გამოწვევაზე გამარჯვება, მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი.
„ქართველებსა და ებრაელებს სრულიად უნიკალური, 26 საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს, რომელიც ეროვნულო დონეზე უკვე ვაღიარეთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ახლა იგი იუნესკოშია წარდგენილი. ეს ურთიერთობა, თავი ხასიათით, მართლაც არის უნიკალური, სამაგალითო და სიმბოლო იმისა, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს - მრავალეროვან, მრავალკულტურულ, მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილს თითოეული თანამოქალაქისათვის. ებრაელები ყოველთვის იყვნენ ჩვენი სახელმწიფოს გამორჩეულად ერთგული მოქალაქეები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკებერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია.