"საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვულოცავ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს! ჩვენი სახელმწიფოს წარმატება თითოეული ადამიანის უფლებების დაცვაზე, ღირსების და იდენტობის პატივისცემაზე დგას.
საქართველოს სიმდიდრე და სიძლიერე მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებაა. ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვა და თანასწორუფლებიანი გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და წინ კიდევ ბევრი გეგმაა.
თუმცა, განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი დღეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას იწვევს და საქართველოს მოსახლეობის ნაწილისათვის ყოველდღიურობის მძიმე გამოწვევაა, რაც საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთარ მიწაზე წვდომის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემებს უკავშირდება.მსურს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ დავუთმო და აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ მათი უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ." - ქეთევან ციხელაშვილი