გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ტყვიავში
ინგლისური ენის კლუბი დაარსდა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ მაკკენზი სმიტთან ერთად გახსნა.
კლუბი პროგრამის „ინგლისური ენა თემისთვის’’ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს მიერ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმაროს.
პროგრამა სამ კომპონენტს მოიცავს: ინგლისური ენის კლუბების გახსნას, პედაგოგების ,,ცვლილებების გამტარებლებად’’ გადამზადებასა და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ „მასტერ ტრენერების“ მომზადებას, რომლებიც თავის მხრივ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში 100 მასწავლებელს გადაამზადებენ.
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის შეფასებით, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს მთავრობისა და შესაბამისად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ყველაზე უფრო მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაზე, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს და მავთულხლართებით გამოწვეულ სირთულეებთან ყოველდღიური შეხება აქვს. განათლება მოსახლეობის გასაძლიერებლად საუკეთესო ინსტრუმენტია. ამ მხრივ საერთაშორისო მხარდაჭერის მაგალითია პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს იყო და რომელიც გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის ინგლისური ენის კლუბების გახსნას ემსახურება, რათა მათ გაიძლიერონ როგორც ენობრივი კომპეტენციები, ასევე შეიძინონ უნარ-ჩვევები, რომლებიც მომავალ ცხოვრებაში დაეხმარება. ამისათვის მადლობას ვუხდი როგორც ბრიტანეთის მთავრობას, ისე ბრიტანეთის საბჭოს“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
შეკრებილ საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის ელჩმაც მიმართა:
„ფრიად მოხარული ვარ, რომ ამ ლამაზ სოფელში, ტყვიავში ვიმყოფები. ჩვენთვის ეს დღე განსაკუთრებულია. ინგლისური ენა ესაა კარი მნიშვნელოვანი შესაძლებლოსაკენ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კლუბი ძალიან სასარგებლო იქნება ბავშვებისათვის და რა თქმა უნდა, მასწავლებლებისათვის,“ - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარე სოსო გიორგაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი,ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე და ა.შ