ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გერმანიაში ისაუბრა
14 დეკემბერი 2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში სამუშაო ვიზიტით ყონისას ბუნდესტაგის დეპუტატებთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მინისტრი კრიზისების პრევენციის, სტაბილიზირების, კონფლიქტების პრევენციისა და ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელს სრუდიგერ კოინიგის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დარღვების ფაქტებს. სახელმწიფო მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები დგანან. ასევე, ისაუბრეს გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე.
შეხვედრაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაც განიხილეს. ისაუბრეს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს.
ხაზი გაესვა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარების საქმეში. პარტნიორებმა თანამშრომლობისა და მშვიდობის მშენებლობაში მონაწილეობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა მათ მტკიცე და ურყევი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა.