შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პატრიკ ფრანცენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ის რთული ჰუმანიტარული გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც, მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, ყოველდღიურად უწევს.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათთვის სხვადასხვა სერვისზე წვდომის გამარტივებას გულისხმობს. გააცნო ინიციატივის განხორციელების პროცესში გადადგმული ნაბიჯები.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. დაისახა სამომავლო გეგმები. მხარეებმა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.