შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე „ელჩების კონფერენცია 2018 - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“ მოხსენებით წარსდგა.
კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს მოლდოვის ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკმა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრმა ვადიმ ჩერნიშმა, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფებიან.
გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად არაერთ პრობლემასთან უწევს გამკლავება. მიმოიხილა ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული სიტუაცია, რაც განგრძობითი ოკუპაციის თანმდევი პროცესია.
“დღეს განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტის, მიმდინარე ოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის პრობლემატიკა რეგიონალურ ჭრილში. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს საზღვარგარეთ, კარგად გვესმის, რომ საქართველოს გამოწვევა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის გამოწვევა. არც უკრაინისა და მოლდოვის გამოწვევებია ლოკალური. ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთი მთავარი ფაქტორით, რასაც რუსეთი და მისი დაშორიშორების პოლიტიკა ჰქვია.
„დღეს ჩვენ ელჩებთან ერთად ვიმსჯელეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს მეგობარ, მეზობელ ქვეყნებს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში და ამ მთავარ გამოწვევაზე გამკლავებისას აქვთ. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მომავალში, რათა ჩვენი პრობლემატიკა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ უფრო მეტად მოექცეს. სამივე ქვეყანას პარტნიორების მხრიდან სრულიად ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერა აქვს, თუმცა ამჟამინდელი ამოცანაა ჩვენი ხმა კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობითა და საერთო პრობლემების გაჟღერებით, რადგან ეს მხოლოდ ტერიტორიული კონფლიქტი, სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევა არ არის. ეს ათასობით ადამიანისათვის ყოველდღიური გამოწვევაა. დღეს სქართველოში არის კედლები, რომლებიც თავის დროზე ბერლინში დაინგრა. უკვე 25 წელია გადაუჭრელი კონფლიქტი გვაქვს, ხოლო 10 წელია ღია ფორმით ოკუპაციას მავთულხლართების სახე აქვს. ეს დაუშვებელია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას და სხვა.