საინტერესო, საჭირო, ინფორმაციული, აუცილებელი - ასე აფასებენ პანკისელი პედაგოგები და სკოლის დირექტორები ორდღიან სემინარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, რომელიც დღეს დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივაა, ოცი პედაგოგი, პანკისის ხეობის თითოეული სოფლიდან, გაეცნო ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს საკითხებს და ა.შ.
სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დახურა, რომელმაც პედაგოგებს მონაწილეობისათვის, გამოჩენილი ინტერესისა და მონდომებისათვის მადლობა გადაუხადა.
ანჟელა გორგიშვილი დუმასტურის საჯარო სკოლის პედაგოგია. ამბობს, რომ მისთვის, როგორც ინგლისურის მასწავლებლისათვის, აღნიშნული სემინარი უაღრესად საჭირო იყო, ვინაიდან ამ დრომდე ევროპისა და ევროპული სტრუქტურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა კი, მისი თქმით, უკვე შეუძლია მიღებული ცოდნა სკოლაში დანერგოს.
„უნდა ითქვას, რომ სოფლებში ინფორმაციის ნაკლებობაა. ადამიანებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე. შესაბამისად, საკმაოდ ხშირად ისინი მითებისა და პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. ინფორმაციის ნაკლებობის გამო მათ ხშირად ევროპაში ინტეგრაცია უარყოფითი პროცესი ჰგონიათ. ბავშვებისათვის სკოლა ცოდნისა და ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა. შესაბამისად, ეს სემინარი არა მხოლოდ საინტერესო და სასურველი, არამედ საჭირო და აუცილებელიც კი იყო“, - ამბობს ქალბატონი ანჟელა.
დუისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლამარა მაგროშვილი კი აცხადებს, რომ სემინარი მათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და იმის გაცნობიერებაში დაეხმარათ, თუ რა შედეგი ექნება საქართველოსათვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.
„სემინარმა ძალიან ბევრი მოგვცა, უამრავი ახალი რამ გავიგეთ, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მოსწავლეებამდე, მათ მშობლებამდე, პანკისის მოსახლეობამდე აქ მოსმენილი ინფორმაცია მივიტანოთ. ხალხს გავაგებინოთ, რომ გვექნება უკეთესი ცხოვრება, უკეთესი რეალობა, მომავალი, რადგან ევროპა, ესაა უმაღლესი ღირებულებები და ფასეულობები, დემოკრატია, თავისუფლება, ტერიტორიების დაცვა, მშვიდობა, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა. ამიტომაც ვეცდებით ეს ყველაფერი პანკისის ხეობაში წავიღოთ და შეძლებისდაგვარად ვიმუშაოთ. თითოეულ ორგანიზატორს მადლობას ვუხდი, შთაბეჭდილებებით აღსავსენი ვბრუნდებით უკან“, - განაცხადა ლამარა მაგროშვილმა.
პროგრამის მეორე ეტაპზე მასწავლებლები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრებიან.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. პროექტს მხარს უჭერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.