„სამწუხაროდ, ეს არ არის სიახლე, მუდმივად არის მცდელობა, რომ გაზრდილი კონტაქტების ფონზე გადაადგილება გაამკაცრონ და გაართულონ“, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმომსვლელთა კონტროლის გაძლიერებას.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს შეზღუდვა დამატებით პრობლემებს უქმნის ცხინვალის რეგიონის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, რომელთათვისაც გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ეს კონკრეტული განცხადება ეხება იმ ადამიანებს, განსაკუთრებით ეთნიკურად ოსებს, რომლებიც არა უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, არამედ ცხინვალის რეგიონის სიღრმეში ცხოვრობენ და რომელთაც გადაადგილება ყველაზე მეტად სჭიდებათ. ისინი ცდილობენ ამისათვის სხვადასხვა გზა მოძებნონ. ხშირად რუსეთის გავლით მაინც ჩამოდიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.
„დამატებითი ზომა კი საახალწლოდ განაცხადია იმის თაობაზე, რომ რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ყველას, მათ შორის ოსების ინტერესების წინააღმდეგ. ეს ჩვენთვის, ყველასთვის დასკვნის გამოტანის საფუძველია, რომ ამას აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ მეტი კონტაქტითა და მეტი განვითარებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამიერიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად სპეციალური ე.წ. საშვია აუცილებელი, რაც გადაადგილების პროცესს ცხინვალის რეგიონის თითოეულ მცხოვრებს ურთულებს.