შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აპარატის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.
ანგარიში ორ მიმართულებას - შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასა და სამოქალაქო თანასწორობასა და ინტეგრაციას მოიცავს. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა საზოგადოებას 2018 წლის აპრილში წარუდგინა და რომელიც ამჟამად იმპლემენტაციის პროცესშია.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არასამთავრობო სექტორთან, მთელი წლის განმავლობაში აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
„მინდა შეჯამებასთან ერთად, ტრადიციულად, მათგან წინადადებები და რეკომენდაციები მოვისმინო. მე მათ პარტნიორებად აღვიქვამ, ვინაიდან სამშვიდობო პოლიტიკის საქმეში სახალხო დიპლომატიას უნიკალური როლი აქვს. მითუფრო, როდესაც ჩვენ ახალი სამშვიდობო ინიციატივები გვაქვს.
„ანგარიშის წარდგენისას აგრეთვე ვისაუბრე კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე, რომელიც მთავრობის დადგენილებით დღეს სისრულეში იქნა მოყვანილი - მომზადდა საფუძველი იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის გამარტივეული წესით დადგინდეს საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, გამარტივებული პროცედურებით, ხანმოკლე ვადაში, უფასოდ იქნას შესაძლებელი საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ანგარიშში აგრეთვე შეჯამებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები. დოკუმენტში საუბარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზეც და ნათქვამია, რომ აღნიშნულ სოფლებში პერმანენტულად ხორციელდება მთელი რიგი სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის ღონისძიებები.
წლიურ ანგარიშში აგრეთვე მოხვდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს წახალისება; სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ა.შ.
სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განვლილი 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში თავდაპირველად საზოგადოებას, 29 დეკემბერს, გამყოფი ხაზისპირა სოფელ ერგნეთში წარუდგინა.