შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზისპირა სოფელ ქვეშის მკვიდრ ცოხნიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა.
ცოხნიაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს გორში მოქმედი სამკერვალო საწარმო „ლიდერისა“ და სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგან პროდუქტი, წიგნები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, საწარმო „ლიდერი“ და მისი დამფუძნებელი ნინო გიორგაძე უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, ვინაიდან საწარმოში დასაქმებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ქალბატონები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოგების გარკვეულ ნაწილს საწარმოს ხელმძღვანელი მავთულხლართების ახლოს მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ხარჯავს.
„ დღეს ამ ოჯახს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელითაც დავეხმარეთ, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთ ოჯახს, არამედ ამ სოფლებში მავთულხლართების პირისპირ მცხოვრებ ყველა ოჯახს ხუთი წელია ვეხმარებით საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაში - გაზიფიცირებით, წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებით, ამბულატორიებით, სწავლის საფასურის გადახდით და ა.შ.
„მინდა ვისურვო, რომ მომავალში ამ ოჯახს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ მათ დახმარება აღვუთქვით, იმაში, რომ თავადაც დასაქმდნენ და ჩართულნი იყვნენ საქმიანობაში, რითიც მშობლები ოჯახის უკეთ უზრუნველყოფას შეძლებენ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს ამ სოფლების მხარდაჭერას და განსაკუთრებით შევუწყობთ ხელს ისეთ აქტივობებს, საწარმოებს, რომლებიც არა მხოლოდ საჭიროების დაკმაყოფილებაზე, არამედ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ესაა გზა, რომლითაც ოკუპაციას უნდა დავუპირისპირდეთ. მავთულხლართებს აუცილებლად დავამარცხებთ მეტი განვითარებით, კეთილდღეობითა და იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც საოკუპაციო ხაზის პირისპირ ამ სოფლებს ამაგრებენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრთან ერთად ცოხნიაშვილების ოჯახში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც იმყოფებოდა.