შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულის რაიონის სოფელ წოფში იმყოფებოდა, სადაც საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრი რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო და აღნიშნა, რომ სოფელს სულ მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება. სკოლის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს მარნეულის რაიონის სოფელ წოფში ვიმყოფები. ეს გამორჩეული სოფელია, ვინაიდან აქ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი თანამოქალაქეები უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ. თავადვე ამბობენ, რომ ერთი ოჯახივით. ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. რეალურად, ესაა სახე ჩვენი სამშობლოსი-საქართველოსი და ჩვენი მთავარი ამოცანაც, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია და ინტეგრაცია მოხდეს იმ მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამყარებულია. სოფელი წოფი არის ამის თანამედროვე მაგალითი და გამოხატულებაა. ამ სკოლაშიც სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვები ერთად სწავლობენ.
„ამ ადგილიდან კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა და ნებისმიერი მოქალაქის ქმედებები თუ განცხადებები სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი სხვა რამ, რაც ამ ამოცანების წინააღმდეგაა მიმართული, ან რამენაირად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - წინსვლასა და განვითარებას, სრულიად მიუღებელია. ამავე კონტექსტში, ცხადია, ნებისმიერი გარე, პრობლემური და თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ სენსიტიური თემის შიდა კონტექსტში შემოტანა და პოლიტიზირება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. საერთო მიზნებისაკენ -სამოქალაქო ინტეგრაციის, საზოგადოებრივი კონსოლიდაციისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უნდა ვიმოძრაოთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა პირველკლასელ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაიგეგმა მოსწავლეების გაცნობითი ტური თბილისში, რომლის ფარგლებში ისინი სახელმწიფო უწყებებსაც ესტუმრებიან.
სკოლაში ვიზიტის შემდეგ სახელმწიფო მინისტრის სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა რომელთაგანაც სოფლის საჭიროებებზე, განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია.