ქეთევან ციხელაშვილი ფოტოალბომის „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაციაზე სიტყვით წარსდგა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილ ფოტოალბომში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.
თავის გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანმიმართული დაზიანება კვლავ გრძელდება.
„ ეს ფოტოალბომი ალმანახია ჩვენი მრავალფეროვნებისა - ყველაზე დიდი სიმდიდრის, რაც გაგვაჩნია და რაც საუკუნოვანი ტრადიციებითაა გამყარებული. იგი ყველას შეახსენებს, რომ საქართველოს აქვს ასეთი მრავალფეროვანი, მრავალრელიგიური, მრავალკონფესიური, მრავალეთნიკური გარემო, რომელიც მართლაც ჩვენი უნიკალურობისა და სიმდიდრის წყაროა. შეგვახსენებს, რომ ესაა ის, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ და რითაც ყველაზე მეტად უნდა ვიამაყოთ. ალბომში განთავსებულია ფოტომასალა იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. დღეს ვისაუბრეთ პრობლემაზე, რომელიც წლების განმავლობაში ამ ძეგლების იერსახის მიზანმიმართულ შეცვლის მცდელობებს უკავშირდება. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანის იდენტობის წინააღმდეგაა მიმართული - იქნება ეს აფხაზი, ოსი, ქართველი თუ ნებისმიერი სხვა, რადგან საუკუნეების, ისტორიის კვალის წაშლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ გამართული ბრძოლაა.
„დარწმუნებული ვარ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ძეგლების შენარჩუნებას. წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. მას ძალიან ბევრი შეხვედრა ეძღვნება. იმის გააზრება, რომ ძეგლების იერსახის მიზანმიმართული შეცვლა, ფრესკების ჩამოფხეკა, განადგურება ყველას წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, მაძლევს იმედს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე აუცილებლად შევძლებთ თვენი საერთო მონაპოვარის, ჩვენი წინაპრების მონაპოვარის დაცვას, რაც ჩვენი სიამაყის წყარო უნდა იყოს და არა ვინმეს ხელში შეურაცხყოფის ობიექტი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პრეზენტაციას აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.