პანკისის ხეობის სკოლების პედაგოგებისა და დირექტორებისაგან შემდგარ 20 კაციან ჯგუფს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ უმასპინძლეს.
სულ ცოტა ხნით ადრე პედაგოგები ბრიუსელიდან დაბრუნდნენ, სადაც სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის ინსტიტუტებს ეწვივნენ. იმყოფებოდნენ ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ნატო-ს შტაბ-ბინაში და ა.შ. შეხვდნენ ოფიციალურ პირებს, მათ შორის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩს, ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს და ა.შ.
პედაგოგებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
პროექტში მონაწილეობისათვის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით მსგავსი პროექტი პირველად განხორციელდა და იგი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ესაა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტი.
„სავსე ვარ შთაბეჭდილებებით, რომლებიც მათ გაგვიზიარეს. პედაგოგები არიან ის ადამიანები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან - ახალგაზრდებთან, მოსწავლეებთან. ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციისათვის მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული იმ მთავარი ამოცანების გარშემო, რომელიც ქვეყანას ყველას საკეთილდღეოდ გააჩნია. კონსოლიდაცია კი, პირველ რიგში, მეტი ინფორმაციისა და ცნობიერებიდან გამომდინარეობს.
„მასწავლებლები საკუთარი თვალით ნანახს მოსწავლეებს გაუზიარებენ და ამით მეტ წვლილს შეიტანენ იმაში, რომ მოსახლეობას პანკისის ხეობაში კიდევ უფრო კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული რა სარგებელს უკავშირდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ის მხარდაჭერა, რომელიც საზოგადოების მხრიდან ამ კურსის მიმართ უპრეცედენტოა, კონკრეტული ცოდნით კიდევ უფრო გამყარებული იქნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პანკისელი მასწავლებლები ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც იმყოფებოდნენ ადგილობრივი განათლების სისტემისა და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ისინი ბელგიურ სკოლებში სწავლების მეთოდებს გაეცნენ.
პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.