შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.
გამყოფი ხაზისპირა სოფლის მოსახლეობისაგან სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მათი პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო და გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სიტუაციას გაეცნო.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ის სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს და მათ შორისაა ჩორჩანაც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ სოფლების მოსახლეობას ცხოვრება შეუმსუბუქოს. პროექტები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, გაგრძელდება.
„ყველა ის ქმედება, რომელიც ადამიანების გადაადგილების თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, ყოვლად მიუღებელია. ეს ყველაფერი ჩვენს მიერ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე იქნა დაყენებული და აგრეთვე, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, - განაცხადა აბაშიძემ.
ჩორჩანაში, სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილიც იმყოფებოდა.