შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ირინე აბულაძესთან ერთად, წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცა.
სტიპენდია, რომელიც სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად დაარსდა, განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს და ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
წელს იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს გიორგი ციკოლიასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს რობიზონ ილურიძეს გადაეცათ. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არიან. სტუდენტები სტიპენდიის სახით 300 ლარს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიიღებენ.
„ამ ნაბიჯით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ აფხაზური და ოსური კულტურა და მათი დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზური ენა კონსტიტუციური ენაა და ჩვენ სპეციალური სახელმწიფო პროგრამა გვაქვს, რომელიც სწორედ აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად განათლება და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დახმარება ყველა იმ გამოწვევის, ხილული თუ უხილავი დაბრკოლების გათვალისწინებით, რომელთან გამკლავებაც ამ ახალგაზრდებს უწევთ და მაინც წარმატებულები არიან. ესაა ყველაზე სწორი პასუხი დღეს იმ ძალისმიერ პოლიტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება.
„ჩვენ გვაქვს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ეთმობა. დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული ნაბიჯი იქნება ერთ-ერთი დამატებითი სტიმული იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა კიდევ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება აჩვენონ, კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. ჩვენი გზაც სწორედ ესაა - მეტი განათლებით, მეტი განვითარებით, ძალიან მიზანმიმართული და კონკრეტული ნაბიჯებით დავუპირისპირდეთ ოკუპაციას, რომელსაც აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ე
რთ-ერთ სტიპენდიანტის, რობიზონ ილურიძის თქმით სტიპენდია მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რათა უკეთესად ისწავლოს და უკეთეს შედეგს მიაღწიოს.
„ამ ყველაფერს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან დაბნეული და გახარებული ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. პირველ რიგში კი ჩემს მასწავლებლებს, რომლებმაც განათლება მომცეს და აქამდე მომიყვანეს. სხვა სტუდენტებსაც წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა რობიზონმა.
სტიპენდიების გადაცემა დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145 წლისა და პირველი აფხაზური ბეჭდური მედიის დაფუძნების 100 წლის იუბილეს დაემთხვა.
დიმიტრი გულია აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი და სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. კოსტა ხეთაგუროვი კი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი, პოეტი, განმანათლებელი და მხატვარი.