შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბათუმში გამართულ ქალ მეწარმეთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას, რომელიც უკვე მესამედ გაიმართა, სხვადასხვა რეგიონიდან 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო. ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ.
ქეთევან ციხელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას რვა მარტი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის, რომელიც განვითარების აქტიურ ფაზაზეა, მნიშვნელოვანია, რომ ქალები ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისათვის ქალების გაძლიერება განსაკუთრებული პრიორიტეტია როგორც სამშვიდობო პროცესებში, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით.
„დღეს ბათუმში სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილნი არიან ძალიან აქტიური ქალბატონები, რომლებიც სწორედ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში არიან ჩართულნი. მათ შორის არიან ქალბატონები აფხაზეთიდან - დევნილები, კონფლიქტით დაზარალებულები. ვცდილობთ, რომ ჩვენი პოლიტიკით ისინი გავაძლიეროთ. სპეციალური პროგრამები გვაქვს, რომლებიც იქითკენაა მიმართული, რომ ქალ მეწარმეებს, მათი მხრიდან ბიზნესის წამოწყებას ხელი შეუწყოს.
„ამ 25 წლის განმავლობაში ქალებმა, ფაქტობრივად, საკუთარ ზურგზე გადაიტანეს ის ტვირთი, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევას უკავშირდებოდა და ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმ წერტილამდე, სადაც ყველას ერთად გვინდა მისვლა. დარწმუნებული ვარ, ძლიერი ქალბატონები მომავალშიც დიდ როლს ითამაშებენ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო და ეს დღე აქედან მივულოცო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქალებს, მათ შორის გალსა და ახალგორში მაცხოვრებლებს, რომელთაც განსაკუთრებით უჭირთ. ჩვენი ფიქრიცა და საქმიანობაც, ყოველდღიურად, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალისხმევა საბოლოოდ შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ღონისძიება ყოველწლიურად ქალთა საერთაშორისო დღეს გაიმართება.