პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის,“ რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ნდობის მშენებლობას, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს, ამოქმედდა.
სიახლის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მოგვიანებით კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად აღნიშნული ინიციატივის ყველა კომპონენტი განხორციელების დასკვნით ეტაპზეა.
„ფაქტობრივად პირველად, 25 წლის განმავლობაში, რაც კონფლიქტი არსებობს, ფინანსური რესურსები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებისათვის და ასევე, საქართველოს ნებისმიერი 18 წელს მიღწეული მოქალაქისათვის. ასევე იმ პირებისათვის, რომლებიც ახალი წესით არიან რეგისტრირებულნი და რაც ასევე სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებშია დადგენილი - ესაა სტატუსნეიტრალური რეგისტრაციის ფორმა. მათ შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალური, ან ერთობლივი პროექტებისათვის 7-დან 35 ათას ლარამდე გრანტი მიიღონ. ანუ, 7 ათასი ლარის მოცულობის გრანტი შეიძლება გაიცეს ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის, ან ცხინვალის რეგიონში. 15, 20 და 35 ათასი ლარის მოცულობის გრანტები კი გაიცემა ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობასაც წაახალისებს და რაც მთავარია, ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია კომპონენტია. მისი ამოცანა, პირველ რიგში, ის გახლავთ, რომ ხელი შეუწყოს იმ ძალიან რთული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც მოსახლეობას აქვს. მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული გამოწვევებია. გარდა ამისა, საერთო ინტერესის გარშემო წაახალისოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობას, რაც სამშვიდობო პროცესისათვის აუცილებელია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მსურველებს განაცხადის შევსება დღეიდან აწარმოე საქართველოსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდებზე ქართულ და აფხაზურ ენებზე შეუძლიათ. ცოტა ხანში კი განაცხადის შევსება რუსულ და ინგლისურ ენებზეც შესაძლებელი იქნება.
სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც გახლავთ აღნიშნული პროგრამა, მთავრობამ გასულ წელს წარადგინა.